კომპანია NUEVA-მ ქალაქ ჭიათურაში, საშევარდნოს კლდოვან მასივზე ქვათაცვენის რისკების კომპლექსური შეფასება, ციფრული 3D მოდელირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების საინჟინრო დაგეგმვა განახორციელა. სამუშაოების მიზანი იყო კლდეზე არსებული არასტაბილური ბლოკების იდენტიფიცირება, პოტენციური ქვათაცვენის ტრაექტორიებისა და ენერგიების გამოთვლა და მიმდებარე საცხოვრებელი ზონისა თუ კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კვლევის პირველ ეტაპზე ტერიტორიის დეტალური აგეგმვა განხორციელდა GeoCORS სისტემაში ჩართული მაღალი სიზუსტის DJI Mavic 3 Enterprise RTK დრონით, Stonex-ის GNSS ბაზა-როვერის სისტემითა და ელექტრონული ტაქეომეტრით. Agisoft Metashape-სა და PIX4Dmapper-ში დამუშავებული მონაცემებით შეიქმნა რელიეფის 0.5-მეტრიანი რეზოლუციის ციფრული სასიმაღლო მოდელები (DEM/DSM) და მაღალი გარჩევადობის ორთოფოტოები, ხოლო ტოპოგრაფიული მონაცემები Autodesk Civil 3D-ში გაანალიზდა.

მიღებულ ციფრულ ბაზაზე დაყრდნობით, სპეციალიზებულ პროგრამულ გარემო Rockfor3D-ში შესრულდა ქვათაცვენის პროცესების რიცხვითი სიმულაცია. მოდელირებამ აჩვენა, რომ ტრანზიტულ ზონაში ლოდების საშუალო კინეტიკური ენერგია 1000–2000 კჯ-ს, ხოლო ცალკეულ ქვეზონებში 500–8000 კჯ-ს აღწევს. კვლევის შედეგად ზუსტად განისაზღვრა საფრთხის არეალში მოქცეული 11 საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გაზსადენი, წყალსადენი, ელექტროგადამცემი ხაზები).

სიმულაციის შედეგების საფუძველზე NUEVA-ს ინჟინრებმა შეიმუშავეს დამცავი და პრევენციული ღონისძიებების კომპლექსური გეგმა. საპროექტო გადაწყვეტილებები მოიცავს მთამსვლელების მიერ ფერდობის მორყეული ნაწილებისგან გაწმენდას, 1 მ³-ზე მეტი მოცულობის ბლოკების ადგილზე ფოლადის ბაგირებით გადამაგრებას (ან დაშლას), დროებითი დამცავი ბადე-ჯებირებისა (სიმაღლე 3 მ) და 100-მეტრიანი დამცავი მიწაყრილის მოწყობას.
მიღებული ღონისძიებები უზრუნველყოფს ტერიტორიაზე სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებას და რისკების ეფექტურ პრევენციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საშევარდნოს კლდეზე ქვათაცვენის მოდელირება Rockfor3D-ში
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑