კომპანია NUEVA-ს სპეციალისტებმა სოფელ ოყურეშში ვენახის გაშენების სრული 3D საპროექტო და სივრცითი დაგეგმარების სამუშაოები შეასრულეს. სამუშაოები განხორციელდა DJI Mavic 3 RTK დრონით, რელიეფის Pix4Dmapper-ში დამუშავებითა და განაშენიანების პროექტის ArcGIS-ში ინტეგრაციით. კვლევის მიზანი იყო რთული რელიეფის პირობებში მიწის ნაკვეთის გეომეტრიისა და დაქანებების ზუსტი იდენტიფიცირება.
კვლევის შედეგად დამკვეთს გადაეცა ტერიტორიის მაღალი სიზუსტის 3D ციფრული ზედაპირის მოდელი და ვენახის განაშენიანების გეგმა, სადაც თითოეული რიგის ტრაექტორია და ექსპოზიცია რელიეფის თავისებურებებთანაა მორგებული. ეს პროდუქტი გამორიცხავს ნიადაგის არასწორ ათვისებას და იცავს მეურნეობას ეროზიული პროცესებისგან, სარწყავი წყლის არათანაბარი განაწილებისა და ჩამორეცხვის რისკებისგან.
ციფრული 3D პროექტირება იძლევა ნერგების რაოდენობის, საყრდენი ბოძების, მავთულისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემების სანტიმეტრული სიზუსტით გათვლის შესაძლებლობას. წინასწარი საინჟინრო დაგეგმვა მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსურ და დროით რესურსებს: თავიდან იცილებს ზედმეტი სარგავი მასალისა და საირიგაციო მილების შესყიდვას, ამცირებს მიწის მოწყობის სამუშაოების ხარჯებს და უზრუნველყოფს ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას.


Last modified: 23/08/2026