ლეჩხუმში, სოფელ ტვიშის გამორჩეულ მიკროზონაში მდებარე „კუპატაძეების ღვინის მეურნეობაში“ NUEVA-ს გუნდმა DJI Mavic 3 Multispectral დრონით ვენახის სრული მულტისპექტრული აეროგადაღება და სივრცითი კვლევა განახორციელა. კვლევამ მოიცვა 5000 ძირზე მეტი ცოლიკოურის ჯიშის ვაზი.

RGB და მულტისპექტრული კამერებით მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად შეიქმნა მაღალი გარჩევადობის ორთოფოტოგეგმა და NDVI/NDRE ვეგეტაციური ინდექსების რუკები. აღნიშნულმა მასალამ მოგვცა შესაძლებლობა, დეტალურად შეგვეფასებინა თითოეული რიგისა და ნერგის განვითარების ერთგვაროვნება, ფოთლოვანი საფარის სიმკვრივე და მცენარეული სტრესის შესაძლო ზონები.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ისეთი უბნების ადრეული გამოვლენა, სადაც ვაზი დანარჩენი ნაკვეთისგან განსხვავებულ სპექტრულ რეაქციას აჩვენებდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჭრაქისა (Downy Mildew) და ნაცრის (Powdery Mildew) შესაძლო რისკთან დაკავშირებული სტრესული კერების იდენტიფიცირებას. კვლევის მომენტში მნიშვნელოვანი სპექტრული ანომალიები არ გამოვლენილა — ვენახის ფოთლოვანი საფარი აჩვენებდა ერთგვაროვან და ძლიერ ვეგეტაციურ მდგომარეობას.

პარალელურად მომზადდა ტერიტორიის ციფრული რელიეფის 3D მოდელი, რომლის საფუძველზეც შეფასდა ფერდობების დახრილობა, ზედაპირული წყლის დინების მიმართულებები და პოტენციური ეროზიული უბნები.

კვლევის შედეგად მეურნეობას გადაეცა ორთოფოტოგეგმა, ვეგეტაციური რუკები და სივრცითი მონაცემები, რომლებიც მათ აგროტექნიკური ღონისძიებების უფრო მიზნობრივად, კონკრეტული ზონების მიხედვით დაგეგმვის საშუალებას აძლევს. ეს მიდგომა საგრძნობლად ზოგავს ფინანსურ რესურსს, ამცირებს ქიმიურ დატვირთვას ნიადაგზე და უზრუნველყოფს ცოლიკოურის მოსავლის უმაღლეს ხარისხს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

აგრო მონიტორინგი და მულტისპექტრული კვლევა სოფელ ტვიშის მეღვინეობაში
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑